27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
გადარჩა თუ არა 37 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 16 ჭრილობა მიაყენა - "კურიერი" მკვლელობის მცდელობის ადგილზე

47 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

ახალგაზრდა ქალზე ძალადობას წინ სიდედრთან შელაპარაკება უძღოდა. მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ მეუღლის დედას მიაყენა, შემდეგ კი დანა საკუთარ ცოლს დაარტყა. ვიკა ავაკიანის მშობელს შემთხვევის მოტივებზე საუბარი უჭირს, ამბობს მხოლოდ ერთს, რომ მისი შვილი, მეუღლისგან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო.

შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს, თუმცა, მეზობლები ვერსიებზე საუბრობენ. გვიყვებიან, რომ ვიკა ავაკიანი, მეუღლის გიორგი კაბულაშვილის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლიც იყო. მათი თქმით, მსგავსი შელაპარაკება წყვილს, ქალის დაჭრამდე, 1 კვირით ადრეც მოუვიდა.

ვიკა ავაკიანი, მრავლობითი ჭრილობებით მეზობელმა საკუთარი მანქანით კლინიკაში გადაიყვანა. ქალს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე, გიორგი კაბულაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ოჯახურ ძალადობას ედავება. სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს აღიარებს, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების ცნობით, გიორგი კაბულაშვილი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

დღის ამბები