"უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება" - ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა უკრაინელ დეპუტატებს, რომელიც პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, ვინც რადას წინაშე სიტყვით გამოვიდა.
სანამ ბორის ჯონსონი კიევს ვიდეოზარით ერთვებოდა, შეშფოთებულმა ემანუელ მაკრონმა, ისევ კრემლში დარეკა და, ელისეს სასახლეს ცნობით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, კრემლი კი ირწმუნება, რომ პუტინმა მაკრონს პრეტენზიები იქით წაუყენა და უკრაინისთვის შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მოსკოვს მხოლოდ პარიზი არ ეთამაშება. ევროპა ერთიანი არ არის რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს საკითხში. კიევიდან პარტნიორების მისამართით, მადლობასთან ერთად, საყვედურებიც ისმის, მიზეზი კი მათი ყოყმანია, უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირი 70%-ით ჩაეხსნება რუსულ გაზს, საბოლოო გეგმას ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც უკრაინის რადას, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მიმართა. ბორის ჯონსონმა უკრაინელ დეპუტატებს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე. ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო შეიარაღებასაც გადასცემს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს ევროკავშირიც. ახალ შეზღუდვებში სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება რუსეთიდან ნავთობის ემბარგო.
ევროკავშირი ენერგორესურსების ალტერნატიულ გზებს ეძებს. რუსეთიდან ენერგომატარებლების დივერსიფიცირებისთვის ერთ-ერთ ვერსიად "სამხრეთ გაზის დერეფნის" გამოყენება, ანუ აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება განიხილება.
რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება, ამ დრომდე უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა იტყვის თუ არა ყველა ქვეყანა უარს რუსულ ენერგოპროდუქტებზე, ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება. კიევი პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობას უხდის, თუმცა მწვავე განცხადებებსაც არ ერიდება. მაგალითად დღეს უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უნგრეთს უსაყვედურა.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი უკრაინის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უნგრეთში უკრაინაზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ტერიტორიის წაღება სურდათ.
"პასუხი ყალბ ამბებზე - 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინაში იარაღს არ გაგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და ტყუილის მოგონება არ შეცვლის ჩვენს პოზიციას," - წერს კოვაჩი.
მოსკოვის წინააღმდეგ მსოფლიო კონსოლიდირების მიზნით უკრაინის რადა, აშშ-ს კონგრესსა და სენატს მიმართავს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს. რადას ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სანქციები უფრო გამკაცრდება.