27 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები და გამოწვევები გააცნო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის საკითხს, კერძოდ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გარდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა, გაიზარდა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 12 მუხლით, რომლებიც ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, დევნას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი და IDFI-ის მედიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად სამსახურსა და კოალიციას შორის სტატისტიკური მონაცემების გაზიარება მოხდება.

"შევხვდით მედიის ადვოკატირების კოალიციის  წარმომადგენლებს, რომლებსაც გავაცანით ის გამოწვევები, რომელიც არსებობს სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის წინაშე. ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ეხება ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას." -  განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

"მედიის ადვოკატირების კოალიციის  ინტერესია შემცირდეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, შემცირდეს ის საკითხები, რომელიც ჟურნალისტებს, როგორც პრობლემა, სამუშაო პროცესში გამოუვლინდათ ამ დრომდე. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები, ამ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება იქნება ალბათ გადამწყვეტი. ცხადია, ერთის მხრივ ეს არის  დანაშაულების გამოვლენა და შემდეგ უკვე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით სამართლიანობის აღდგენა.  ამ შემთხვევაში სამსახურის როლი იქნება გადამწყვეტი. ჩვენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები მზად ვართ, მუდმივ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია სამსახურს შესაძლო დანაშაულების შესახებ." -  განაცხადა მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ.
​ 
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დღის ამბები