ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს.
დემონსტრანტებმა ერევნისა და სევანის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს, პოლიციამ უკვე 117 მომიტინგე დააკავა.
სომხეთის დედაქალაქში, ოპოზიციის საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. სომხური მედიის ცნობით, აქტივისტებმა კვლავ სცადეს რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი საყოველთაო დაუმორჩილებლობას გააგრძელებენ, იქამდე, ვიდრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გადადგებიან. ერევანში საპროტესტო გამოსვლები პირველ მაისს დაიწყო, გუშინ კი, აქციაზე პოლიციამ 250 ადამიანი დააკავა.