27 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
რუსული პროდუქციის რეექსპორტის გეგმა - რა მორიგ ბრალდებას აქვეყნებს საქართველოს მისამართით უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვა მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ძირითადი ნაწილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ეთმობა. კერძოდ საუბარია, რომ ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში, რუსეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციისთვის დეტალების წარმოებას გეგმავს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ნაწილში კი საუბარია რუსული პროდუქციის რეექსპორტის გეგმაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა ჯერზე უკრაინის დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ საქართველოს გავლით პირიქით, სანქცირებული პროდუქციის იმპორტი უნდა განეხორციელებინა რუსეთს, თუმცა ამის ფაქტებით დასაბუთება არ მომხდარა. 

"მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული,"- აღნიშნულია უკრაინული დაზვერვის განცხადებაში. 

მორიგ ბრალდებას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მსგავსი ბრალდებები წამგებიანი და დამაზარალებელია მათთვის. მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ ნებისმიერი საბაჟო ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით ტარდება, კონტროლდება და ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. 

დღის ამბები