27 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
პრემიერი იმერეთში - ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო

მთავრობის რეგიონული ტურნე გრძელდება. მორიგი გაჩერება დღეს იმერეთი იყო. პრემიერ-მინისტრი რეგიონში დღეს თავად ჩავიდა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პროგრამა - "განახლებული რეგიონები" საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პრემიერმა იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა ქუთაისიდან დაიწყო.

პრემიერი ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ ლარს აჭარბებს. 

პრემიერმა დღეს თქვა ისიც, რომ უკვე მზად არის წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არსებობს რეალური ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს წყალტუბო, როგორც მომავლის ქალაქი.

პრემიერი კაბინეტის წევრებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაშიც ჩავიდა, სადაც თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი დაათვალიერა. 

წყალტუბოს შემდეგ პრემიერი ხონში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კუხში მდებარე დაფნის პლანტაციაში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაფინანსდა. პრემიერი სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელ საწარმოშიც იმყოფებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. მოედანზე მდებარე მრავალსართულიანი სახლების ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება, ჭანტურიას ქუჩასა და მოსე ხონელის ქუჩაზე კი 9 შენობისა და 1 პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

პრემიერმა და მინისტრებმა სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. სამტრედიაში 8 მილიონი ლარის ღირებულების ურბანული განახლების პროექტები მიმდინარეობს.

რეგიონში სტუმრობისას პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკრეტულ გეგმას ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების გაცნობას ყველა რეგიონში გეგმავს. 

დღის ამბები