31 წელი დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნიდან -სწორედ 31 წლის წინ, 30 აპრილს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი. თავდაცვის უწყებამ, მთავრობის მეთაურთან ერთად, იუბილე ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნა.
საზოგადოებას დღეს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" და "თბილავიამშენის" ერთობლივი პროექტით, ახლად მოდერნიზებული იროკეზის ტიპის ვერტმფრენები და "სუ -25" მოიერიშეები წარუდგინეს. რომლებმაც ვაზიანის მეოთხე ბრიგადას გადაუფრინეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ვაზიანის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე ქვეყნის პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.
სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის თავდაცვის ძალების მნიშვნელობასა და როლს გაუსვეს ხაზი თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა.
ოფიციალური ღონისძიება ცეცხლსასროლი იარაღით, უწყებრივი მედლებით, სამხედრო საათებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოებით გაგრძელდა.