27 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
კოპიტნარის განახლებულმა სადგურმა პირველი მგზავრები მიიღო - ახალი სადგური დღეს პრემიერმა მოინახულა

კოპიტნარის განახლებულმა სადგურმა პირველი მგზავრები დღეს 12 საათზე მიიღო. მატარებელმა თბილისიდან ის ადამიანები ჩაიყვანა, ვინც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საზღვარგარეთ მიფრინავს. რკინიგზიდან აეროპორტში მოსახვედრად სულ ხუთი წუთია საჭირო, მგზავრებს აეროპორტში ე.წ. შატლებით გადაიყვანენ.

პირველმა მგზავრებმა სადგურ "ქუთაისის აეროპორტამდე" უფასოდ იმგზავრეს. ეს შეღავათი 7 მაისამდე ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც მატარებლის ბილეთის შეძენისას რკინიგზის სალაროში ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს წარადგენს. ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შემდეგ მატარებლით ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა, მგზავრებისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

კოპიტნარში, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა სადგურის შენობის როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მოეწყო მოსაცდელი სივრცეები და პარკინგი, განახლდა საფეხმავლო ხიდი. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტი სრულად მილიონ 637 ათასი ლარი დაჯდა.

რეაბილიტირებული სადგურის შენობა დღეს პირადად დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილს განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მიაწოდა.

განახლებული რკინიგზის სადგურის დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში რკინიგზის სადგურების სრული განახლება მოხდება, რისთვისაც უკვე გამოყოფილია 260 მილიონი.

ირაკლი ღარიბაშვილი კოპიტნარის განახლებულ სადგურს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.

დღის ამბები