27 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"დირსისთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ასევე ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გოგა ბოგვერაძე აცხადებდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ განხორციელდა თავდასხმა და ძალადობა და ამის შემდეგ მოხდა ბრალდებულის მხრიდან თავდამსხმელებზე რეაგირება და ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გრიგოლ დოჩიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ილია აბლოთიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა "დირსის" საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ოთხი მეზობელი დანით დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები