საქართველოს ეკონომიკა მარტში 10.6%-ით გაიზარდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4%-ით განისაზღვრა. მონაცემების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აისახა თითქმის ყველა მიმართულებაზე. მათ შორის არის ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესი და საფინანსო სექტორი.
სხვადასხვა მიმართულებით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. განმარტავენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. პროცესი კი მოსახლეობის კეთილდღეობას და სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა გახდება.
პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება, ექსპერტების აზრით სწორი პოლიტიკის შედეგია. ამბობენ, რომ ორნიშნა მაჩვენებელი სფეროს სწრაფ განვითარებასა და სამუშაო ადგილების ზრდას ნიშნავს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველო პანდემიამდე პერიოდის პოზიციას ეტაპობრივად დაიბრუნებს.