მე-3 პრეზიდენტის ადვოკატების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ინტერესების დამცველები, რომლებმაც ექსპრეზიდენტი მოინახულეს აცხადებენ, რომ მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. არგუმენტად მოჰყავთ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების შეფასებები.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობისთვის ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს ექსპრეზიდენტის მდგომარეობას. უწყებას კითხვები აქვს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიაწვდიან.
სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ. მანამდე კი ამავე საკითხზე შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. პარტიის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესში სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა გარდაუვალი იქნება.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტი არ დაეხმარება, ეს სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა - ამჯერად უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში. პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ქვეყანაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს. პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ექსპრეზიდენტი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ სერიოზული დიაგნოზის შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული.
მძიმე დიაგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს, ამაში დარწმუნებულები არიან მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობას ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ, არც საფუძველი აქვს და არც პერსპექტივა. იმავეს ფიქრობენ დაანონსებულ აქციებზეც.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, მისმა ოჯახმა, ხელისუფლებას ვადა ორშაბათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პერმანენტული აქციების მოწყობას აპირებენ.