არსებობს მოლოდინი, რომ მომავალი ერთი კვირა ბრძოლის ველზე ყველაზე მძიმე იქნება.
მხოლოდ იზიუმის მიმართულებას რუსეთი 25 ათასიანი არმიით უტევს, სადაც რუსებს უკრაინის ყველაზე ბრძოლის უნარიანი შენაერთები ხვდება, რომლებიც 8 წელია ამ ტერიტორიას იცავენ.
პარალელურად, კიევი იმუქრება, რომ იწყება რუსეთის დემილიტარიზაცია და საზღვრისპირა რეგიონებში მოსკოვი ყოველ დღე უნდა ელოდოს იარაღის საწყობების და ნავთობის ბაზების ახალ აფეთქებებს.
ბელგოროდში დღეს გამთენიისას ისევ ამუშავდა რუსეთის საჰაერო თავდაცვა, ისმოდა აფეთქებების ხმა, ხანძრებია ფედერაციის სხვა ტერიტორიებზეც.
აფეთქება მოხდა წუხელ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონშიც, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რუსული ტელემაუწყებლობა გაითიშა. სავარაუდოდ ბომბი ანძას მოხვდა.
"რია ნოვოსტი" ირწმუნება, რომ იერიში უკრაინის პოზიციებიდან "ტოჩკა უ"-ს რაკეტებით განხორციელდა, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე გასროლა "ურაგანიდან."
მთელი აღმოსავლეთ უკრაინა ახლა ბრძოლის ველია. რუსულმა არმიამ 9 მაისისთვის პუტინს რაიმე საჩუქარი მაინც უნდა მოუმზადოს, თუმცა პროგრამა მაქსიმუმი ყირიმიდან დონბასზე გასასვლელი სახმელეთო დერეფანია.
საპორტო ქალაქი მარიუპოლი კატასტროფულ მდგომარეობაშია. მართალია ქალაქი ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს, თუმცა დანებებას არ აპირებენ მარიუპოლის ციხესიმაგრედ ქცეულ "აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებული ქალაქის მცველები.
ქალაქი დაუცველია ეპიდემიების მიმართ - მარიუპოლში საშინელი სანიტარული პირობებია, ქუჩაში ცხედრები ყრია. არსებობს მოლოდინი, რომ ამ ქალაქში ბუჩაზე უარესი მდგომარეობაა. მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ეშერიხია კოლის საშიშროება.