27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
პარტიებისა და საჯარო პირების რეიტინგები, საფრთხეები ქვეყნისთვის და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია - IRI-ს ახალი კვლევა

კიდევ ერთი კვლევა, რომელშიც მმართველი პარტია ლიდერობს - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამჯერად, IRI-მ ჩაატარა, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას"თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". მესამე პოზიციაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" არის.

პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, საჯარო პირების მიმართ ნდობა, მთავარი საფრთხეები ქვეყნისთვის და გამოწვევები - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას - პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერი 31%-ით ”ქართული ოცნებაა”, მას მოჰყვება ნაციონალური მოძრაობა 16%-ით, მესამე ადგილს კი პარტია ”საქართველოსთვის” იკავებს 4%-ით. კვლევის შედეგები არასანდოა სამივე პოლიტიკური გუნდისთვის. 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საჯარო პირების მიმართ საზოგადოების ნდობაც შეისწავლა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე ბევრი, 92% კეთილგანწყობილი პატრიარქის მიმართაა, მომდევნო ადგილებს კი პირველ ხუთეულში ხელისუფლების წარმომადგენლები იკავებენ, მათ შორის, ქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ IRI-ის შედეგებს "ქართული ოცნება" არ ენდობა, პარტიაში ამბობენ, რომ ამ მონაცემითაც აშკარაა საზოგადოების კეთილგანწყობა სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ოპოზიციის ნაწილს კი კითხვები აქვს თავად IRI-სთან. "გირჩს" აინტერესებს, რატო არ ზომავს ორგანიზაცია მათ რეიტინგებსაც.

გარდა პოლიტიკური რეიტინგებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ქვეყნის მთავარი საფრთხეებით, გამოწვევებით და მიზნებითაც დაინტერესდა. გამოკითხულთა 90%-მა ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ საქართველოსთვის რუსეთი დაასახელა, კვლავ მაღალია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობაც. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% ევროკავშირში, 75% კი ნატოში გაწევრიანების მომხრეა.

IRI-მ კვლევა 2022 წლის 4 მარტიდან 24 მარტის პერიოდში ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუების გზით 1486 რესპოდენტი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი +- 2,5%-ია.

დღის ამბები