27 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
ცოცხლად დამწვარი ადამიანები, მოსახლეობისთვის გათხრილი სამარხები - ჰააგის სასამართლომ უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო

ცოცხლად დამწვარი ადამიანები, დახვრეტილი და დასახიჩრებული ცხედრები, ნაწამები, გაუპატიურებული, სოფლებში ტყვედ აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათთვის გათხრილი მასობრივი სამარხები - ეს ვლადიმირ პუტინის სამხედროების ხელწერაა. ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში დანაშაულების ადგილებში მტკიცებულებების შესწავლა უკვე დაწყებულია. პროკურორი ამბობს, რომ ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე შესრულებულია და ახლა ჯერი მოსამართლეებზეა

"მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ!" - ასე მიმართა რუსეთს გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას. დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ, რომ მათ არ დაინდეს არც ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეები 

მარიუპოლი, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, ხარკოვი - უკრაინის ქალაქებში ჩადენილი დანაშაულის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც. პარლამენტარებმა შესაბამისი რეზოლუციაც დაამტკიცეს, რომელსაც 144-მა წევრმა დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბებით უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომს შეადარეს. 

სანამ გამომძიებლები მუშაობენ, გაეროს გენერალური მდივანი ცდილობს პუტინი დაარწმუნოს, რომ ომი შეაჩეროს. ანტონიო გუტიერეში მოსკოვის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და იქ საკუთარი თვლით ნახა ის ადგილები, სადაც რუსებმა თავისი სასტიკი კვალი დატოვეს. გაეროს გენერალური მდივანი ბოროდიანკაში, ირპენში, ბუჩაშიც იყო, საიდანაც რუსეთს სისხლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ადგილზე ნანახმა ტრაგედიამ ემოციური სიტყვებიც ათქმევინა. 

გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში ჩასვლამდე თქვა, რომ "აზოვსტალის" ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება. 

რუსულ დანაშაულს უკრაინულ მიწაზე დამოუკიდებლად იძიებს ვაშინგტონი. ეუთომ კი თავის 108 გვერდიან ანგარიშში უკვე თქვა, რომ ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში ომის დანაშაულია ჩადენილი. გამოძიებაში მთავარ სიტყვას მალე ჰააგა იტყვის.

დღის ამბები