27 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
შსს ახალი პოლიციის შენობის აშენებას და რეაბილიტაციას იწყებს - რას ითვალისწინებს 2-მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი პოლიციის შენობისა აშენებას და რეაბილიტაციას იწყებს. საუბარია ათობით ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ერთ-ერთი პირველი კი ჯიქიას ქუჩაზე სამართალდამცავებისთვის 1000 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ძალოვანი უწყება გეგმავს ძველი შენობების რეაბილიტაციას და ტექნიკურ აღჭურვასაც. ახალი საწვრთნელი ბაზა ექნებათ სპეცრაზმელებსაც. დიდი კომპლექსის მშენებლობაა დიღომშიცაა დაგეგმილი, სადაც პოლიციასთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც განთავსდება. მეხანძრე მაშველებს ახალი შენობა ექნებათ კასპში, მაღალ მთიან აჭარაში, ონსა და ბორითში. 

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტია, 20 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს. მთავრობაში აცხადებენ რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის პროგრამა თითქმის ყველა საჯარო უწყებას შეეხება. მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მასშტაბური პროექტების ფარგლებში უწყება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებას გეგმავს. მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება პოლიციის შენობებსა და ბაზებს.

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე აშენდება პოლიციის ქალაქი. ძალოვან უწყებას მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. საცხოვრებელი ფართი უწყების თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც იმავე შეღავათებით ისარგებლებენ რაც სამხედრო მოსამსახურეებს ქონდათ ჯარის ქალაქის შემთხვევაში.

თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აშენდება და გარემონტდება პოლიციის შენობები. მოწესრიგდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სივრცეები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. უწყებაში აცხადებენ რომ რეაბილიტაციის მიზანი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და თანამშრომლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. ამბობენ რომ უკვე შექნილია არასრულწლოვანთა მთავარი სამმართველო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

ახალი ინფრასტრუქტურა ექნება სანაპირო დაცვასა და სასაზღვრო სექტორებს, არსებულ ინფრასტრუქტურას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქვეყნის მასშტაბით აშენდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზებიც.


დღის ამბები