ბელარუსულ-რუსულმა როკ-ჯგუფმა Би-2-მ ომსკში Z სიმბოლოთი გაფორმებულ დარბაზში კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი დარბაზის დირექტორის გადაწყვეტილებით ჩაიშალა, დარბაზის დირექტორის ვერსიით კი, თავად მუსიკოსებმა უარი განაცხადეს გამოსვლაზე.
როგორც მედია წერს, ჯგუფის ტექნიკურ მოთხოვნებში არის სპეციალური პირობა, რომ სცენის უკანა კედელი დაფარული იყოს შავი ჩამოსაფარებლით, რათა ხმაზე პრობლემები არ შეიქმნას. მოხდა ისე, რომ ომსკში, სპორტულ კომპლექსში სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, სცენის უკანა კედელზე ჩამოკიდებული იყო ბანერი წარწერით - "Za президента". Би-2-ს ტექნიკურ ჯგუფს ამ ბანერის შავი ტილოთი დაფარვა მოუწია, რაზეც პროტესტი კომპლექსის დირექტორმა გამოთქვა. სცენის მეპატრონემ კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტილოს ჩამოხსნა მოითხოვა, მუსიკოსებმა უარი თქვეს და შეუთანხმებლობის გამო კონცერტი ჩაიშალა.
Би-2 სასამართლოში ჩივილს აპირებს, მათი გათვლებით, კონცერტის გაუქმების გამო მათ რამდენიმე მილიონი დაკარგეს.
თავად დარბაზის დირექციის განცხადებით კი ჯგუფი არაკეთილსინდისიერად იქცევა, რადგან ჯგუფის წარმომადგენლებმა მხოლოდ ის Z-სიმბოლოიანი ბანერი დაფარეს შავი ფონით და კედლის სხვა ნაწილებს არ შეხებიან.
მსმენელს, რომელმაც Би-2-ს კონცერტზე დასწრება ვერ შეძლო, ჯგუფი ბოდიშს უხდის და ბილეთის ფულის ანაზღაურებას ჰპირდება.
როგორც Би-2 საკუთარ ფეისბუკზე წერს, ეს მოვლენები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ საინფორმაციო თავდასხმების გასაგრძელებლად, რომელსაც ჯგუფი უკანასკნელ კვირებში განიცდის.
იმის მიუხედავად, რომ ბელარუსი მუსიკოსები რუსეთში მოღვაწეობენ, მათ არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია და პროტესტი, როგორც გასულ წელს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე უკრაინაში რუსეთის ქმედებებზეც. არაერთი მიწვევის მიუხედავად Би-2 კატეგორიულ უარს აცხადებს ანექსირებულ ყირიმში კონცერტის ჩატარებაზე და ასევე მათ თანამშრომლობა გაწყვიტეს მომღერალ ჩიჩერინასთან, რომელიც დონეცკელი და ლუჰანსკელი სეპარატისტების თანამოაზრედ ითვლება.