ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. ორპარტიული კანონპროექტი სანქციების დაწესებას ითხოვს ყველა იმ პირისთვის, ვინც არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებში მონაწილეობდა. დემოკრატებისა და რესპუბლიკელი კონგრესმენების შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია იმ პირების სანქცირებულთა სიაში ჩასმაზეც, ვინც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან მათ უფლებებს არღვევს.
მხარდამჭერი აქტი მოსკოვს პირდაპირ მოუწოდებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება და კიდევ ერთხელ ახსენებს ოკუპანტ ქვეყანას რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას ეხება. ამ მიმართულებით კონგრესის დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. მხარდამჭერი აქტი სენატის დასტურს ელოდება, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად თეთრ სახლში გადაიგზავნება.
დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე დაამტკიცა, წერია რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა და იძულების გარეშე. იმისათვის რომ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო აგრესორის წინაშე მარტო არ დარჩეს, აშშ პოლიტიკურად და ფინანსურად საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
"მხარდამჭერი აქტი" ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და კანონის დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება - ასე ფიქრობენ საპარალამენტო ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული რეფორმების გატარებით მოკავშირეების ნდობა უნდა გაამართლოს.
კონგრესის გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მთავრობის ხელმძღვანელმა მხარდაჭერის და თანამშრომლობისთვის მადლობა წარმომადგენელთა პალატას, სოციალური ქსელი "ტვიტერის" საშუალებით გადაუხადა, "აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა." - წერს ღარიბაშვილი.