ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ფეისბუქზე" გაციებასთან დაკავშირებული მითების შესახებ წერს. ექიმის განმარტებით, ადამიანები სხვადასხვა ინფექციური დაავადების სიმპტომებს, ხშირად, სწორედ გაციებას აბრალებენ და სხვა ადამიანებთან კონტაქტს არ ერიდებიან, მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ავადმყოფობა გადამდები იყოს.
"ადამიანები უამრავ ინფექციურ დაავადებას უკავშირებენ გაციებას, მაგალითად, არაერთხელ გაგვიგია:
„სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება“,
„ორპირში ნუ ხარ, მენინგიტი დაგემართება“,
„გავცივდი და შარდის ბუშტის ანთება დამემართა“
“ფეხები გაუცივდა და საკვერცხის ანთება დაემართა“
„ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება“ ან „შვილი არ გეყოლება“
„ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და იმიტომ მახველებს (ან სურდო მაქვს)“
და ა.შ.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. რაც შეეხება „საკვერცხის ანთებას“, როგორც წესი, ტკივილი დაკავშირებულია მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებთან, საკვერცხის კისტასთან, მენსტრუალურ ტკივილთან და ა.შ. და „ფეხების გაციება“ ან ცივ ქვაზე ჯდომა არაფერ შუაშია.
შარდის ბუშტის ანთება კი ჩვვეულებრივი ინფექციური დაავადებაა. თუმცა ცივ ამინდში გახშირებული შარდვა ჩვეულებრივი ამბავია და აუცილებლად „შარდის ბუშტის ანთებას“ სულ არ ნიშნავს. ეს ორგანიზმის გარკვეული დამცველობითი რეაქციაა. და აქვე ვიტყვი, წყლის სმა ცივ ამინდშიც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ზაფხულში.
მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, მენინგოკოკი), შეიძლება გადამდები იყოს და ამას ორპირ ქართან, სველ თმასთან ან კონდიციონერთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება სასუნთქი გზების სიმპტომებს, ანუ რასაც ხალხი „გაციებას“ უწოდებს, ესეც, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებთან არის დაკავშირებული და ადამიანი ამ დროს გადამდებია. ყველაზე ხშირად „გაციებას“ რინოვირუსები და ადენოვირუსები იწვევს.
მოკლედ, ტერმინებს დიდი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, უბრალოდ, ეს ყველაფერი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ თუ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზს სწორად არ შევაფასებთ, ვერც სწორი მიმართულებით პროფილაქტიკას და მკურნალობას მივმართავთ და ასევე, ზოგ შემთხვევაში, გულწრფელად გვეგონება, რომ გარშემყოფებს არ ვუქმნით საფრთხეს, რადგან ეს ყველაფერი სიცივის ბრალია და არა ინფექციის," - წერს ბუწაშვილი.