უკრაინაში, კიევთან მდებარე, 800 კაციან სოფელ მოშუნში, რომლის აღებაც რუსულ ჯარს ნებისმიერ ფასად სურდა, რუსეთის ჯარმა ყველა სახის იარაღი, მათ შორის რაკეტები და ავიაცია გამოიყენა. მოშუნი კიევის აღების მცდელობის მთავარი ბრძოლის ველი გახდა, სადაც რუსები თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ, თუმცა მათმა არმიამ აქაც კრახი განიცადა. დასახლება განადგურდა, თუმცა მისი აღება ვერ მოხერხდა და რუსები ბელარუსში უდიდესი დანაკარგებით გაიქცნენ.
მოშუნი მიწასთანაა გასწორებული, დანგრეულია ყველა სახლი, დახვრეტილია ათობით ადგილობრივი, სოფელში დღემდე პოულობენ საბრძოლო მასალებს, არმიის მშრალ საკვებს და რაც მთავარია სამხედრო ფორმებს, რომლებმაც ომის დანაშაულის გამომძიებელ ჯგუფს კარგი სამსახური გაუწია. უნიფორმაზე დარჩენილი გვარებით უკრაინამ ყველა იმ რუსი ჯარისკაცის ვინაობა იცის, ვინც სოფელი მოშუნი გაანადგურა.
რუსი ოკუპანტების ცხედერების გარდა ომის გამოძიების მტკიცებულებებად იქცა ყველაფერი, რაც აგრესორებმა ამ ბაზაზე დატოვეს. ტანკები, ვაზნების ყუთები, სპეც-ფორმები, ღვინის სახსნელები და ენერგეტიკული სასმელის ქილებიც კი.
ომამდე მოშუნი გამწვანებული, პატარა სახლებით, მჭიდროდ დასახლებული სოფელი იყო, ახლა კი დამწვარი და დანგრეული, ალაგ-ალაგ სიცოცხლის კვალ შენარჩუნებული ნასახლარია. ომს მხოლოდ სარდაფები გადაურჩა, თუმცა მათი პატრონების უმეტესობა კი ვერა.