27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გიორგი ბარამიძე უკრაინელი დიპლომატის წინააღმდეგ - რატომ ემუქრებოდა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი კასიანოვს საქმის გაფუჭებით

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე არ მალავს, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელი დიპლომატით უკმაყოფილოა და მას უკრაინის პოლიტიკურ ელიტასთან ასმენს. გავრცელებულ ჩანაწერში, რომლის რეალურობასაც ბარამიძე ადასტურებს, ის უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებს და პირობას დებს, რომ მას უკრაინის საგარეო უწყებაში საქმეს გაუფუჭებს.

კიევში მყოფმა გია ბარამიძემ ფეისბუქსტატუსში არ ახსნა, რატომ არ მოსწონდა უკრაინის დროებითი რწმუნებულის ქმედებები და რატომ ემუქრებოდა დიპლომატს საგარეო უწყებაში საქმის გაფუჭებით. ბარამიძე აქცენტს უკანონო მოსმენაზე აკეთებს.

ბარამიძის რიტორიკას მოსმენებთან დაკავშირებით მისი თანაპარტიელებიც იზიარებენ. ჯერ კიდევ გუშინ "ნაცმოძრაობაში" საუბრის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. დღეს კი განმარტეს, რომ ჩანაწერში გამოთქმული მოსაზრება პარტიის პოზიციას არ გამოხატავს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აუდიომასალის გავრცელებას, ხელისუფლების მხრიდან, აქტუალური თემების გადაფარვის მცდელობად აფასებენ.

ბარამიძის მხრიდან გამოყენებულ ტერმინებს და ხელისუფლების წევრების საჯარო განცხადებებს ერთ სიბრტყეში განიხილავს სხვა საპარლამენტო ოპოზიცია. კანონმდებლები რეგიონული კრიზისის და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, პოლარიზაციის დონის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ღალატი და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ბარამიძის აღიარებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილთან აკავშირებს. "ქართული ოცნება" ბარამიძეს და "ნაცმოძრაობის" წევრებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებენ.

"კურიერმა" დღეს თავად უკრაინის დროებითი რწმუნებულის კომენტარის მოპოვებაც სცადა. გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, კითხვები ოფიციალურად ანდრეი კასიანოვის სამდივნოსაც გაეგზავნა, თუმცა დიპლომატმა დღეს საუბარი არ ისურვა. საელჩოს ცნობით, კასიანოვი ყველა შეკითხვას უახლოეს მომავალში ჩანიშნულ ბრიფინგზე უპასუხებს. 

დღის ამბები