მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრეზე ისევ ბომბები ცვივა, მიწასთან გასწორებულ ქალაქში გრძელდება ქუჩის ბრძოლებიც. მოსკოვის არაერთი დაპირების მიუხედავად, ქარხნის გვირაბებში დარჩენილი ბავშვებისთვის, მოხუცებისა და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის, ჰუმანიტარული კორიდორი ამ დრომდე არ გახსნილა.
ნანგრევებიდან უკვე ადამიანის ხმები აღარ ისმის, ვრცელდება მხოლოდ ფოტოები, რომლებსაც ცოცხლად დარჩენილი "აზოვის" მებრძოლები იღებენ. აზოვსტალის კატაკომბებში მდგომარეობა უმძიმესია, ბავშვები და მძიმედ დაჭრილი მოქალაქეები უკანასკნელ საათებს ითვლიან, არ აქვთ საჭმელი და მედიკამენტები, ერთადერთი, რაც დარჩათ ქირურგიული ძაფია, რითაც ხელ-ფეხ მოგლეჯილ ადამიანებს ჭრილობებს უკერავენ, რათა სისხლისგან არ დაიცალონ.
დღევანდელ დილამდე მათ კიდევ სჯეროდათ, რომ ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური მდივნისთვის მიცემულ პირობას შეასრულებდა და მათ მწვანე კორიდორს მისცემდა, თუმცა მტანჯველი საათები გადის, დერეფანი კი არ იხსნება. ახლა 2000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ერთი ადამიანის ხელშია, პუტინი ან მისცემს მათ სიცოცხლის უფლებას, ან ისევე ამოხოცავს, როგორც ეს ბუჩაში გააკეთა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, პუტინი დათანხმდა, რომ მწვანე კორიდორი გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით ამოქმედდეს. რუსეთის პრეზიდენტს არც ცინიკური ტონი დავიწყებია და უკრაინელი მებრძოლები "ისლამური სახელმწიფოს" წევრებსაც შეადარა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერთან ერთად კიევის საავადმყოფო დაათვალიერა. მათ მარიუპოლიდან ევაკუირებული ბავშვები მოინახულეს, რომელთაც ომში მშობლები დაკარგეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალ კრემლის გზავნილებს ჩაუტანს გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხვალ უკრაინაში მიემგზავრება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება, როდის შეძლებს "აზოვსტალს" შეფარებული 2 000-მდე ადამიანი თავშესაფრიდან თავის დაღწევას.