27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ვინ გახსნის მეორე ფრონტს დნესტრისპირეთში - დნესტრის მარცხენა სანაპირო ომში ჩართული ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

არაღიარებულ დნესტრისპირეთში ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. საუბარია 8000-მდე სამხედრო მოსამსახურეზე. რომელთაგან 3000 რუსეთის არმიას წარმოადგენს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უკრაინის შემდეგ, არასასურველ სტუმარს უკვე მოლდოვაც უნდა ელოდოს.

საქმე დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდება. არაღირებული რესპუბლიკის ძალოვანი უწყების ცნობით, 25 აპრილს ტირასპოლში ამ დრომდე უცნობი ჯგუფი ე.წ. კგბ-ს შენობას ყუმბართმტყორცნით დაესხა თავს. კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა სოფელ მაიაკში. აქ ორი რადიოგადამცემი ანძა გაანადგურეს.

აფეთქებების გამო პანიკაში მყოფი ადამიანები არაღიარებული რესპუბლიკიდან მოლდოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარბიან. აქ ამბობენ, რომ რუსეთი მოსახლეობის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, რის გამოც მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციები.

მოლდოვის პრეზიდენტმა მომხდარის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მაია სანდუ ეჭვობს, რომ ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი ვითარების დასაძაბად ხელოვნური მიზეზის შექმნა და დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

სიტუაციას სწავლობს ვაშინგტონი. თავდაცვის მდივანი წინასწარი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა, ლოიდ ოსტინის განცხადებაში გარკვეული მღელვარება მომხდარის გამო მაინც იკითხება.

ვიდრე შტატებში სიტუაციას სწავლობენ, უკრაინაში პირდაპირ საფრთხეზე ლაპარაკობენ. დაზვერვის ცნობით, დნესტრისპირეთზე სარაკეტო იერიში იგეგმება, რომელსაც ოფიციალურ კიევს დააბრალებენ. მიზეზი კი ის არის, რომ დნესტრისპირეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ოდესის ოლქი, რომლის დაკავებას და რეგიონში გავლენის ზრდას ცდილობს საოკუპაციო ძალა.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ დნესტრისპირეთში დამოუკიდებლობა 90-იან წლებში გამოაცხადეს. კონფლიქტის გაღრმავებას მოსკოვმა შეუწყო ხელი, რომ სხვა რეგიონების მსგავსად, კიშინიოვზეც ზეწოლის ბერკეტი მოეპოვებინა. ამას დაპირისპირება და შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

დღის ამბები