საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური "აზოვსტალში" მყოფი ადამიანების სასწრაფო ევაკუაციას ითხოვს და ამისთვის extraction პროცედურის გამოყენებისკენ მოუწოდებს, რაც სამხედრო და სამოქალაქო პირების საომარი მოქმედებების ადგილიდან უსაფრთხო ზონაში (ამ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე) გაყვანას გულისხმობს. სერგეი ვოლინას ამის მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წელს "დიუნკირკის ევაკუაცია" მოჰყავს.
"მივმართე მსოფლიოს ყველა ლიდერს, დიპლომატს, პაპ ფრანცისკეს. როგორ შემეძლო, ვყვიროდი, რომ ჩვენი ხნა გაეგონათ extraction-ის პროცედურა გამოეყენებინათ.
გადაარჩინეთ გარნიზონი მარიუპოლი, ჩაატარეთ ჩვენთან extraction პროცედურა. ახლა 1940 წელი არაა, დღეს უკვე 2022 წელია.
ადამიანები აქ უბრალოდ დაიხოცებიან, დაჭრილები მოკვდებიან, ცოცხლები კი ბრძოლაში დაიღუპებიან, მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, როგორც აქ ბუნკერში, ასევე საკუთარ სახლებში, კორპუსებში. ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა. ქალაქი ფაქტობრივად აღიგავა პირისაგან მიწისა,"- აცხადებს ვოლინა და იმედს გამოთქვამს, რომ მათი დახმარება შესაძლებელი გახდება.
სერგეი ვოლინას თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაში 600-მდე დაჭრილია, თუმცა აღარ აქვთ სამკურნალო მედიკამენტები და სარდაფებში, რომელსაც ჰოსპიტლად იყენებენ, ანტისანიტარიაა.
საზღვაო ქვეითების მეთაური ამბობს, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალება "აზოვსტალის" თავშესაფარში, მათ შორის ათობით ბავშვი, მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მისი თქმით, "აზოვსტალში" უკვე მთავრდება საკვები და წყალი.