"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია რუსეთში, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ ათ რუსულ კომპანიას ფლობდა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები აქვთ რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ მმართველ პარტიაში:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად დაუსაბუთებელ და წყაროების მითითების გარეშე აკეთებს კვლევებს ხოლმე, რაც მე მგონი ზოგადად მეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მან ეს ქონება გაასხვისა, ამიტომ მას შემდეგ ჩვენ არ გვსმენია მისი ქონების შესახებ," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.