27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
რუსეთი პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებას 27 აპრილიდან შეწყვეტს

პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანია PGNiG-ის განცხადებით, ოთხშაბათიდან რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს - ამის შესახებ BBC იუწყება.

"გაზპრომმა" გაზის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება გასულ თვეში გამოცხადებულ ახალ წესებზე დაყრდნობით მიიღო, რაც გულისხმობს, რომ "არამეგობრულმა" ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლით უნდა გადაიხადონ, რაზეც PGNiG-მა უარი განაცხადა.

PGNiG იმპორტირებული გაზის დიდ ნაწილს სწორედ "გაზპრომისგან" იღებს, ამ წლის პირველ კვარტალში მათი იმპორტის 53% რუსულმა გაზმა შეადგინა.

პოლონური კომპანია ნაკადის შეწყვეტას კონტრაქტის დარღვევად აფასებს და დასძენს, რომ ისინი მიწოდების აღსადგენად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

ამასთან, პოლონეთის კლიმატის და გარემოს სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის ანა მოსკვას თქმით, რეზერვებიდან გაზის გატანის საჭიროება არ არსებობს და აბონენტებს მომარაგება არ შეუწყდებათ.
PGNiG-ის თქმით, მისი მიწისქვეშა გაზის საცავი თითქმის 80%-ით სავსეა, ამასთან  ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოთხოვნა უფრო დაბალია.

პოლონეთი რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას წლის ბოლომდე უკვე გეგმავდა, რადგან "გაზპრომთან" გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტი იწურება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ  რუსეთის ენერგორესურსებზე უარს იტყვიან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე სრული აკრძალვა გამოაცხადა. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი აპირებს  რუსული ნავთობის მიღება წლის ბოლომდე გააუქმოს, რასაც ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტაც მოჰყვება, ევროკავშირი კი, თავის მხრივ რუსული გაზის მოხმარებას ორი მესამედით ამცირებს.

პოლონეთთან ერთად გაზის მიწოდება ბულგარეთსაც შეუწყდება. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, ამის შესახებ "გაზპრომმა" სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-ს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. სამინისტროს განცხადებით, ბულგარეთმა შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები და გადადგა ნაბიჯები ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

 

დღის ამბები