27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ხელყუმბარები, სარაკეტო გამშვებები, ჰაუბიცები, გეპარდები - 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხზე შეიკრიბა

40-ზე მეტი სახელმწიფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დღეს რამშტაინის ბაზაზე ერთი მიზნით, უკრაინის დასახმარებლად შეიკრიბა. საგანგებო შეხვედრა, სადაც მინისტრებმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე იმსჯელეს, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შედგა.  

კანადისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა დღეს განაცხადეს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემენ. კიევი ბერლინისგან გეპარდებს, ოტავასგან კი ჰაუბიცებს მიიღებს.
 
გერმანიის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მოსკოვშიც. გაეროს გენერალური მდივანი დღეს ჯერ რუსეთის პირველ დიპლომატს, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კრემლში ანტონიო გუტიერეშის მთავარი გზავნილი ცეცხლის შეწყვეტა, ომის მალე დასრულება და მარიუპოლში უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა იყო.

მოსკოვიდან გუტიერეში კიევში ჩავა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ზეგ არის ჩანიშნული. კიევში ჩასვლამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსკოვში ვიზიტისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა დაიმსახურა.

გაეროს გენერალური მდივნის გარდა, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საპასუხოდ პუტინმა "აზოვსტალის" მცველებისგან იარაღის დაყრა კიდევ ერთხელ მოითხოვა.




დღის ამბები