27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
შეხვედრა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე - NATO-ს ქვეყნები უკრაინისთვის მაქსიმალური დახმარების გზებზე მსჯელობენ

ვაშინგტონის ინიციატივით და 40-ზე მეტი ქვეყნის ჩართულობით, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, რა დამატებით დახმარებას მიიღებს უკრაინა.

შეხვედრაში თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერალური მდივანი მონაწილეობენ. როგორც წინასწარ ითქვა, განხილვის მთავარი საკითხი კიევისთვის იარაღის მიწოდებაა. მონაწილეებმა უკრაინაში  შექმნილ ვითარებასა და საჭიროებებზე ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრისგან მიიღეს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, მათ უკრაინის თავდაცვის მინისტრისგან შოკისმომგვრელი ცნობები მოისმინეს, ხოლო გერმანია უკრაინას თვითმავალი საზენიტო დანადგარებით, გეპარდებით დაეხმარება.

"შოკისმომგვრელი ცნობები, რომელთა შესახებაც დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და მისი გუნდისგან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ჩვენი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინირება და მისი მნიშვნელოვნად გაზრდა. გერმანია მზად არის, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. რაც შეგვეძლო, უკრაინას ჩვენი მარაგებიდან მივაწოდეთ, თუმცა ჩვენს ზღვარს მივაღწიეთ, ამიტომ ამ დროისთვის ჩვენ ვაფორმებთ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომელთაც შეუძლიათ უკრაინას საჭირო შეიარაღება მიაწოდონ. ასევე შემიძლია გაცნობოთ, რომ გუშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გერმანია უკრაინას თვითმავალი საზენიტო დანადგარებით, გეპარდებით დაეხმარება. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას მიწიდან საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება," - განაცხადა კრისტიან ლამბრეხტმა.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, შეკრების მთავარი მიზანია განიხილონ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი უკრაინისთვის. ანანდის განცხადებით, კანადა გააგრძელებს რესურსების მოზიდვას მოკავშირეებთან ერთად, რათა უკრაინაში მაქსიმალურად მეტი დახმარება იქნას გაგზავნილი.

"ყველამ ვიცით, რომ რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრით, საერთაშორისო სამართალს დაფუძნებული წესები, საფრთხის ქვეშაა. ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით რათა განვიხილოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. კანადამ გაწვრთნა უკრაინის არმიის 33 000 წევრი, მათ შორის უკრაინის ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი. პარასკევს განვაცხადეთ, რომ უკრაინაში გავგზავნით მძიმე იარაღს და გავაგრძელებთ 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გაწევას უკრაინისთვის. ჩვენ მივაწოდეთ ათასობით ანტისატანკო იარაღის სისტემა, ხელყუმბარები, სარაკეტო გამშვებები და მძიმე შეიარაღება. გავგზავნით ასევე ჯავშანტექნიკას. გავაგრძელებთ რესურსების მოზიდვას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, როგორც ამას ვაკეთებთ მსხვილკალიბრიანი ქვემეხების (ჰაუბიცების) შემთხვევაში. ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას, რომ რაც შეგვიძლია მეტი დახმარება გავგზავნოთ," - ამბობს ანანდი.

 
დღის ამბები