27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ენმ-ის წევრი ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის უფლებას ითხოვს

ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის უფლებას ითხოვს. განცხადება დეპუტატმა სხდომაზე გააკეთა. როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ამბობს, მას მიხეილ სააკაშვილთან ხვალისთვის ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატიდან აცნობეს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის უფლება არ აქვს მიღებული. 

"თქვენმა წინამორბედმა შემიქმნა პრობლემები და სამი თვის განმავლობაში ვერ შევძელი მიხეილ სააკაშვილის მონახულება გაურკვეველი მიზეზის გამო. მაინცდამაინც ჩემზე ჰქონდა ესეთი გართულება. ხვალ მქონდა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის და რომა შამათავას მონახულება და ახლა თქვენი აპარატიდან მაცნობეს, რომ თქვენც არ მაძლევთ უფლებას, რომ შევიდე და იმედია რაიმე გაუგებრობას აქვს ადგილი და არანაირ პირად წყენასთან არ გვაქვს საქმე," - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

პასუხად კი პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მამულაშვილს უარი არაეთიკური ქცევის გამო ეთქვა. 

"ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლება, რომ მოგანიჭოთ ეს უფლებამოსილება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩემი წინამორბედიც არ განიჭებდათ და შემდეგ მე გაძლევდით ამ უფლებას, რომ შესულიყავით, დღეს კი უარი გითხარით ამ უფლებაზე თქვენი არაეთიკური ქცევიდან გამომდინარე. წინაზეც ასე იყო, თქვენ პარლამენტის თავმჯდომარეს და მის კაბინეტს მიაყენეთ შეურაცხყოფა, ახლაც არ მოერიდეთ არაეთიკურ ქცევას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები