მოხვდება თუ არა დასავლურ შავ სიაში მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა - აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ კაბაევასთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეაჩერა. სავარაუდო მიზეზებზე "ვოლ სთრით ჯორნალი" წერს.
ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ, ვინაიდან არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევა ვლადიმერ პუტინის მინიმუმ სამი შვილის დედაა.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო სანქცირებულთა სიაში ომის დაწყების დღიდან მოიაზრებოდა ალინა კაბაევა, როგორც პუტინის საყვარელი ქალი, მას ამ დრომდე არ შეხებია არანაირი შეზღუდვა.
ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ არც კაბაევა და არც პუტინი მათ ურთიერთობას ოფიციალურად არ ადასტურებენ და მოტივს, რის გამოც შეიძლება სანქცია შეეხოს ყოფილ სპორტსმენს, დასაბუთება აკლია.
სხვა წყარო კი სხვა განმარტებებს აკეთებს, რომ კაბაევასთვის სანქციების დაწესება იმდენად პირად დარტყმად იქნება მიჩნეული პუტინისთვის, რომ შეიძლება ამან კიდევ უფრო გაამწვავოს და დაძაბოს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ამიტომ ეროვნული უშიშროების საბჭომ 11 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ამოეღო მისი სახელი სიიდან.
ამის მიუხედავად, კაბაევა სანქცირების პოტენციურ სამიზნედ კვლავ რჩება, მაგრამ როდის და რა ოფიციალური მოტივით აამოქმედებენ მის წინააღმდეგ შეზღუდვებს, ან და აამოქმედებენ თუ არა საერთოდ - ჯერ უცნობია.
ვინ არის პუტინის სავარაუდო საყვარელი ქალ - ის არის ტანმოვარჯიშე ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც სპორტულ სამყაროში ახსოვთ საერთაშორისო სკანდალით დოპინგთან დაკავშირებით. მაგრამ მისი სპორტული სკანდალი არაფერია პირადი ცხოვრების სკანდალების ჯაჭვთან, რომელიც პუტინს უკავშირდება. კაბაევას ჰყავს 4 შვილი. სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ მათგან სამია პუტინის, ხოლო ზოგიც ოთხივეს მამობას პუტინს მიაწერს.
მას შემდეგ, რაც რუსული ტაბლოიდები პრეზიდენტის ფარულ სიყვარულსა და გადამალულ შვილებზე ალაპარაკდნენ, ეს გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ოფიციალური მიზეზით დაიხურა. მას შემდეგ ნელ-ნელა მცირდებოდა ინტერნეტში ინფორმაცია კაბაევას შესახებ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ეს ცნობები, ფაქტობრივად, გაქრა ინტერნეტსივრციდან, ნაკლებად იძებნება ფოტო მასალაც, რის უკანაც ეჭვობენ, რომ დგას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს გადამალვის მცდელობა კი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ კაბაევა-პუტინი მართლაც წყვილია.
დიდად არც ომამდე წყალობდა საჯაროობას კაბაევა, ომის დაწყების შემდეგ კი განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული იყო მისი ადგილსამყოფელი. თუმცა, ორი დღის წინ, შაბათს ის საჯაროდ მოსკოვის VTB არენაზე გამოჩნდა. გამოჩნდა ძალიან სიმბოლურად, ბილბორდის წინ, რომელზეც დატანილი იყო ასო Z. მას კი გულზე გიორგიევსკის ლენტი ჰქონდა დაბნეული.
იმავე სიმბოლოებით აღჭურვილი გამოჩნდა მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციაზეც, რომელიც მისსავე სახელს ატარებს. ფესტივალი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს მოსკოვში უნდა ჩატარდეს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კაბაევა დაბრუნდა სამშობლოში.
ომის დაწყებიდან დღემდე მუდმივად ისმის ინფორმაცია მისი სავარაუდო დასანქცირების შესახებ, რუსი ოპოზიციონერები და უკრაინელებიც ითხოვდნენ მის სანქცირებულთა სიაში შეყვანას და მის სახელზე რიცხული ქონების კონფისკაციას. სწორედ ამიტომ, ზედმეტი უხერხულობის და შვეიცარიიდან დეპორტაციის თავიდან ასარიდებლად, პუტინის სავარაუდო საყვარელმა ქალმა ეს ყველაფერი თავიდან აიცილა და სამშობლოში დაბრუნდა.
კაბაევა შვილებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა შვეიცარიაში. შვეიცარიის მთავრობას უკრაინის პარლამენტმა წერილობით მიმართა და მოითხოვა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევა. იგივე მოთხოვნა ჰქონდა პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნისაც. შვეიცარიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, კაბაევას ქვეყანაში ყოფნის შესახებ. ახლა კი უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ის შვეიცარიაში არ არის და არის რუსეთში.