27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
მკვლელობა აღდგომის ღამეს - რა მოხდა სოფელ დირბში, სადაც ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა გაშველების მცდელობისას მიაყენეს

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ჩხუბი, აღდგომის ღამეს მკვლელობით დასრულდა. 22 წლის მამაკაცი სოფლის ცენტრში მომხდარ ხელჩართულ ჩხუბში დანით დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რა გახდა აღდგომის ღამეს სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, ზუსტად არ იციან ადგილობრივებმა, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდები დღესასწაულს აღნიშნავდნენ და კონფლიქტი მოულოდნელად დაიწყო.

"კურიერის" ინფორმაციით, ხელჩართულ ჩხუბამდე, მხარეებმა წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო იკამათეს. რამდენიმე წუთში ადგილზე ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მამაკაცების გაშველებაში 10-მდე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ალექს ნიადაგიშვილი, რომელსაც დანა მაშინ მოხვდა როდესაც დაპირისპირებულების ერთმანეთისგან გარიდებას ცდილობდა.

დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს, 29 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სამძებრო საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პოლიციამ ის მეზობელ სოფელში აიყვანა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხელჩართულ ჩხუბს სოფელ დირბში ბევრი თვითმხილველი ჰყავს, ადგილობრივების უმეტესობა პოლიციამ უკვე გამოკითხა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები