27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში, მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია" - ასე აჯამებს ოფიციალური ვაშინგტონი 2-თვიანი ომის შედეგებს

"ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში, მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია" - ასე აჯამებს ოფიციალური ვაშინგტონი 2-თვიანი ომის შედეგებს. ამერიკის ორი უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა უკრაინის დედაქალაქს გვიან ღამით ეწვია და უკრაინას ჩამოუტანა ის, რაც რუსეთთან ომში ჩაბმულ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება - 155 ცალი 155 მილიმეტრიანი ქვემეხი და ათასობით გასროლა პუტინის ჯარისკაცების შესაჩერებლად.

კიევიდან ამერიკელმა სტუმრებმა მოსკოვის გასაგონად კიდევ ერთი გზავნილი გააგზავნეს - ამერიკა უკრაინას დაეხმარება მანამ, სანამ ის რუსეთთან ომში არ გაიმარჯვებს. სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც, უფრო ეფექტური მუშაობისთვის კი უახლოეს კვირებში უკრაინის დედაქალაქში კვლავ დაბრუნდება ამერიკული დიპლომატიური მისია. თუმცა, დიპლომატების დაბრუნებამდე ვაშინგტონმა სამხედრო თვითმფრინავების დატვირთვა ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით დაიწყო, პენტაგონი არ აკონკრეტებს, თუმცა საუბარია სხვა შეიარაღებაზეც.

ჰაერსაწინაარმდეგო შეიარაღებას აგზავნის უკრაინაში დიდი ბრიტანეთიც, საუბარია ჯავშანმანქანებზე, რომლებიც საზენიტო რაკეტების გამშვებით არის აღჭურვილი.

სამხედროსთან ერთად ამერიკა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და პოლიტიკური კუთხითაც. ამერიკელი პოლიტიკოსების კიევში ვიზიტს, უკრაინის დედაქალაქში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნებაც მოჰყვება. აშშ-ის საელჩო კიევში მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი დაასახელა.

შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში წამყვანი როლი უჭირავს. ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივანთან პირისპირ შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის მხრიდან უპრეცედენტო დახმარებაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება - 3 მილიარდ 400 მილიონის ოდენობით, უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკრაინის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზეც გამახვილდა ყურადღება. ვლადიმერ პუტინი კი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე სანქციები გავლენას ვერ მოახდენს. პუტინმა უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურები რუსეთში არეულობის მოწყობასა და რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვლადიმერ პუტინი საკუთარი სურვილით საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. მას ამ გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს - ასე ფიქრობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მსოფლიოს თვითმიზანი უკრაინის გამარჯვება უნდა გახდეს.

საბოლოო გამარჯვებამდე კი კიევს გაძლიერება სჭირდება. უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად, ხვალ გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა რამშტაინზე, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან და უახლოესი მომავლისთვის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

დღის ამბები