27 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
მოსახლეობა ცდილობს, ბუჩას პროზექტურაში ახლობლების ცხედრები ამოიცნოს - გარდაცვლილები იქ ყოველ 15 წუთში მიჰყავთ

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც ცხედრების დათვლა არ დასრულებულა - ოჯახის წევრები ამ დრომდე განაგრძობენ დაკარგულთა ძებნას, პროზექტურებში კი, გრძელდება ცხედრების ამოცნობა. ხშირად ეს შეუძლებელია, რადგან გვამების დიდი ნაწილი ან გახრწნილია, ან ისეა დასახიჩრებული, რომ შავ პარკებში მხოლოდ სხეულის კიდეურები ხვდებათ.

უკრაინამ თითოეული იმ რუსი სამხედროს გვარი და სახელი იცის, ვინც ბუჩას სასაკლაოში მონაწილეობდა. იკითხება ყველა თვითმხილველი. რამდენიმე საათის წინ კი სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში ოფიციალურად ჩაერთო ჰააგის ტრიბუნალის პროკურატურა.

ბუჩაში უკვე 412 ცხედარია აღმოჩენილი, მათგან 298-ს ან პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა, ან ბომბის ნამსხვრევებითაა გარდაცვლილი. ცხედრების ეგზგუმაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.​

ბუჩას ისტორიები იმდენად მძიმეა, რომ ადგილობრივებს რუსული ოკუპაციის 25 დღის გახსენება ახლაც უჭირთ. "კურიერი" ამჯერად ბუჩაში პროზექტურების გადასაღებად დაბრუნდა. 

აქ ყველას თავისი წილი ტრაგედია აქვს. ომის პირობებში გამართლებად ითვლება ცხედრის პოვნაც. საკუთარ მიცვალებულებს ადამიანები დღეების, ხან კვირების განმავლობაში ეძებენ. ხშირად ვერც სიებში პოულობენ.

მშვიდობიანი მოქალაქეების უმრავლესობა სწორედ დამიზნებით, სასიკვდილო ჭრილობით არის მოკლული. მსგავს ისტორიებს, რომელიც შემდეგ ომის დანაშაულის კვალიფიკაციას მიიღებს, თვითმხილველიც ბევრი ჰყავს.

ომის გამოძიების მთავრი მტკიცებულებები სწორედ ეს ცხედრებია, მოწმეები კი გადარჩენილები. ნაწამები ადამიანების ცხედრები ჩადენილ სისასტიკეს თავად ჰყვებიან, გადარჩენილებს კი უჭირთ.

ომში გარდაცვლილების, ნაწამები და გადარჩენილი თუ გაძარცვული ადამიანების ისტორიებს, მტრის აღსარებად კინძავს მამა ანდრეი. სასულიერო პირმა "კურიერს" უთხრა, რომ მსგავსი სისასტიკის მიტევებაც კი შეუძლებელია.

ბუჩას უკვე კარგად ნაცნობ საერთო სასაფლაოზე მხოლოდ ნაწილს ჰყავს ჭირისუფალი. ვინც ამოიცნეს, მას საფლავიც აქვს და სახელიც. მალე ეს რიგიც შეივსება, და იქნება ომში დაღუპულების კიდევ ერთი ადგილი, ვისაც ახლობლები ამოიცნობენ სახელით, ვისაც ვერ - უსახელოდ.

დღის ამბები