27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია, არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდე... - "აზოვის" წევრი

უკრაინის დაზვერვა რუსული ჯარებისგან მარიუპოლში ქიმიურ თავდასხმას ელოდება - საპორტო ქალაქში ისევ უმძიმესი ვითარებაა. საოკუპაციო ძალებმა დღის პირველ ნახევარში განაცხადეს, რომ მზად არიან შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დღეს, აზოვსტალში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, მისცემენ შესაძლებლობას, ტერიტორია დატოვონ.

საპასუხო კომენტარი გააკეთა უკრაინულმა მხარემ. ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, არავითარი დერეფანი არ შეთანხმებულა და კიევი საქმის კურსში არ არის.

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა დილით განაახლეს - რუსების პირობის მიხედვით კი ცეცხლი უკვე ორი საათია შეწყვეტილი უნდა იყოს.

"აზოვის" ბატალიონის მცველი ამბობს, რომ ბომბებსა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია. მისივე განცხადებით, ბატალიონს ჰყავს დანაკარგები, ვითარება კი კრიტიკულია.

"მე-60 დღეა, რაც სრულ ალყაში ვართ, გრძელდება საჰაერო და საარტილერიო დარტყმები. გვაქვს დანაკარგები, სიტუაცია კრიტიკულია. გვყავს დაჭრილები, მოკლულები, ვკარგავთ ადამიანებს. საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მხრივაც რთული სიტუაციაა. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება აზოვსტალის გვირაბებში. ბომბებსა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია... არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდე," - ამბობს ის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებების მიუხედავად, მტერი აგრძელებს უკრაინული ჯარების ბლოკადას აზოვსტალის ქარხანაში.

"რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებების მიუხედავად, მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების ბლოკადას აზოვსტალის ქარხანაში. ადგილზე მტრის ავიაცია, სტრატეგიული ბომბდამშენები და არტილერიაა მობილიზებული. ოკუპანტები ახორციელებენ თავიანთი სახმელეთო ძალების კონცენტრაციას, რათა მოახდინონ წინსვლა იმ პირობებში, როცა ჩვენი დამცველები თავს ურთულეს პირობებში იცავენ.

ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ სააღდგომო ზავი და ისინი მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდის გასამართად აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მოვიწვიეთ, რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა და ჩვენი ჯარისკაცების განთავისუფლება ან გაცვლა, რაზეც რუსეთის ფედერაციისგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია," - ამბობს არესტოვიჩი.

დღის ამბები