27 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
სენაკში, პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წაუყენეს

სენაკში, პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წაუყენეს. დანარჩენს ბრალდებულებს კი, ბრალი დღის ბოლომდე წარედგინებათ. 

 ხუთი ახალგაზრდიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატი კი, ძალადობის პროვოცირებაში თავად დაზარალებულ პოლიციელს ადანაშაულებს. 

"ბრალის მიხედვით ყველას ურტყია ამ პოლიციელზე, მაგრამ აბსოლუტურად არ ეტყობა მას დაზიანება, ერთადერთი ტუჩთან აქვს გაკაწრული. პოლიციელი მის შემგინებელს, გინებითვე პასუხობს, ამაზე კი ახალგაზრდები ადეკვატურად პასუხობენ მას, შენ რატომ მიიღე შენს თავზე გინებაო. ეს გადაიზარდა სიტყვიერ კონფლიქტში, სხვა დანარჩენი ფიზიკური კონტაქტიო აბსოლუტურად მოგონილია,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ლაშა ხოშტარია. 

პოლიციელის მამა კი აცხადებს, რომ თავდაპირველად მის შვილს გინება დაუწყეს, ვინც შენ ფორმა ჩაგაცვაო. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლი სახეში ესროლა, შემდეგ კი წიხლებს ურტყამდნენ. დაშავებული სამართალდამცველი ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელს სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა. 

 

დღის ამბები