რუსული მხარე ირწმუნება, რომ სამოქალაქო პირებს დღეს "აზოვსტალის" ქარხნის დატოვების შესაძლებლობას მისცემს, რა დროსაც ცეცხლს არ გახსნის. რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უნდა აწიონ "თეთრი დროშა", როდესაც დააპირებენ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიის დატოვებას, რის მერეც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეები.
პარალელურად, ოკუპანტი იმასაც ამბობს, რომ უკვე 36 დღეა მიწასთან გასწორებული ქალაქში ჰუმანიტარული დერეფანი ფუნქციონირებს.
რეალობა კი ასეთია - ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებები დღესაც გრძელდება და გუშინაც არ შეწყვეტილა. ცოტა ხნის წინ, სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა ვინიცას ოლქი. დღეს დაიბომბა ქალაქები ჟმერინკა და კოზიატინი, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაიბომბა რივნეს რაიონიც. დილით რუსმა სამხედროებმა ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით.
გარდა ამისა, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბუჩას პროზექტურაში, სადაც ძალიან მძიმე კადრების თვითმხილველი გახდა. კურიერის ვრცელ რეპორტაჟს და კონკრეტულ ისტორიებს მაყურებელი საღამოს მთავარ გამოშვებაში იხილავს.