27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ

ჰააგაში მიმდინარე "ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედსაფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში.

"ძლიერთა თამაშები" გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი - მონაწილეობდა.

ჰააგაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ადგილზე გულშემატკივრობდა.

დღის ამბები