ზეიმი 200 ათასი კაცის მონაწილეობით, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის - ასეთია პატიმარი ექსპრეზიდენტის მიზანი. რა გეგმით აპირებს "ნაცმოძრაობა" მიზნის სისრულეში მოყვანას კვლავ უცნობი რჩება. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ისაუბრა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა შეიძლება იქცეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ქუჩაში გასვლის წინაპირობად.
ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, კონკრეტული გეგმის არარსებობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას მოქალაქეების მობილიზებისთვის საკმარისად მიიჩნევენ მისივე თანაგუნდელები. ნაწილის აზრით, სტრატეგიის დეტალებზე საუბარი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუჭირდა.
"ნაცმოძრაობისა" და მისის მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილოა თაკო ჩარკვიანი. "კანონი და სამართლის" ლიდერი და ექსპრეზიდენტის აქტიური მომხრე ფიქრობს, რომ სააკაშვილის პარტია ქუჩის რადიკალურ ქმედებებზე სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.
გაერთიანება ქუჩის მანიფესტაციების ირგვლივ, არასერიოზულად მიაჩნიათ საპარლამენტო ოპოზიციაში. პოლიტიკოსებმა დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გააკრიტიკეს კიდეც. თქვეს, რომ საზოგადოების მუდმივი, ფუჭი დაიმედება ოპოზიციური სეგმენტის მიმართ ნდობას ამცირებს.
კონსულტაციებს პატიმარ ლიდერთან და "ნაცმოძრაობის" განახლებულ ტაქტიკას, ბაკურიანში ჩატარებულ სემინარს უკავშირებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობის" განცხადებების მიღმა ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობის სურვილს ხედავს. რომლის იდეაც, მათი თქმით, პოლიტტექნოლოგ აკერმანთან ოპოზიციის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ დაიბადა. სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს საზოგადოების მხრიდან სტაბილურობის დაკვეთას ახსენებს და ამბობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა არავის გამოუვა.
როდის დაიწყებს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას, უცნობია. პარტია ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებას საქართველოს ყველა ქალაქში გეგმავს.