27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
საბედისწერო გასროლა რომელსაც მოქალაქე ემსხვერპლა - დეტექტივი, რომელსაც 2 მუხლით ასამართლებენ ამტკიცებს, რომ ინციდენტამდე ფიზიკური დაზიანებები მიიღო

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - დეტექტივ ერიკ წურწუმიას, რომლის გასროლილ ტყვიას მოქალაქე ემსხვერპლა დღეს ბრალი სწორედ ამ ორი მუხლით წარუდგინეს. ბრალდებული პოლიციელი ამტკიცებს, რომ საბედისწერო შემთხვევამდე მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო, თუმცა არ აკონკრეტებს ეს რა ვითარებაში მოხდა.  

სავარაუდოდ, ერიკ წურწუმია სწორედ ამ ფაქტით ახსნის სასამართლო პროცესზე მისი კუთვნილი საშტატო იარაღიდან გასროლას. ამ დრომდე უფროს დეტექტივს ბრალი ოფიციალურად არ უღიარებია, ის დუმილის უფლებას იყენებს.

თვითმხილველი, რომელიც "კურიერს" მომხდარის დეტალებს დღეს უფრო ვრცლად უყვება, გამოძიებამ უკვე გამოკითხა. ამბობს, რომ წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე მეტრიდან უყურებდა. მოწმე იხსენებს, რომ მამაკაცი დაკავების დროს პოლიციელს წინააღმდეგობას უწევდა, რა დროსაც გასროლის ხმა გაიგო.

ნიკოლოზ ხუბაშვილის ინფორმაციით, მომხდარის თვითმხილველია ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ზურაბ გველესიანი წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის 28 ნომერთან მიიყვანა. ის საჯაროდ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

თვითმხილველების ჩვენების საფუძველზე, დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.  

პროკურატურა სასამართლოში ერიკ წურწუმიას პატიმრობას მოითხოვს. პარალელურად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

30 წლის ზურაბ გველესიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს, რომელიც გამოძიებას თავად ჩაბარდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები