27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
საკანში დაწერილი საპროტესტო სცენარი რომელიც უთქმელი დარჩა - რატომ არ შედგა დაანონსებული პოლიტიკური მიმართვა 

ექსპრეზიდენტის გადადებული პოლიტიკური მიმართვა სასამართლო დარბაზში ცუდად გახდომის გამო - მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.

ექიმის დახმარება ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომის დაწყებისთანავე მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილმა დარბაზიდან გასვლაში დახმარება ბადრაგებს სთხოვა.

15 წუთიანი შესვენების შემდეგ ბრალდებული კვლავ პროცესზე დააბრუნეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართან, ცენტრ "ემპათიის" ექიმების რეგულარული შეხვედრები მოითხოვეს და კონსილიუმის წევრების დაკითხვის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ექსპრეზიდენტმაც ისაუბრა და თქვა, რომ ტკივილების მოსახსნელად, მედიკამენტები მუდმივად ესაჭიროება.

ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, სამედიცინო დახმარების გაწევა დაავალა.

ყოფილი პრეზიდენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა - ეს ის მოთხოვნებია, რომელიც ცენტრ "ემპათიის" ექიმებს აქვთ. კონსილიუმის წევრებმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიული ალასანიასთან ერთად საგანაგებო განცხადებაც გააკეთეს.

ბრიფინგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან კონსილიუმის წევრებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და რამდენიმე წუთში საავტომობილო მოძრაობაც გადაკეტეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის არ სჯერათ მმართველ გუნდში - "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მუდმივად იმყოფება კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მისი უფლებები დაცულია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს საქალაქო სასამართლოსთან თანაგუნდელები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

დღის ამბები