27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"არ უნდა მოიტყუოთ, შემდეგში მომზადებული მოდით" - ირაკლი ზარქუასა და ეკა გიგაურის კამათი პარლამენტში

"ლელოს" ინიციატივას, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას ხმა მხოლოდ ოპოზიციამ მისცა - უმრავლესობის დეპუტატების აზრით, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა საჭირო არ არის და უკვე არსებული დეპარტამენტიც კარგად მუშაობს. საკითხის განხილვის დროს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა და "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ იკამათეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, სპეციფიკურ ანტიკორუფციულ რეიტინგებში ქვეყანას წინსვლა წლების განმავლობაში არ ჰქონია, რაც კამათის მიზეზი გახდა.

"ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასევე ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ სპეციფიკურ ანტიკორუფციულ რეიტინგებს აქ ვნახავთ, რომ წინსვლა არ გვაქვს წლების განმავლობაში, ამიტომ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო ცნობილი იმით, რომ დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლა ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური, თუმცა თუ კი ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და კონკრეტულ სისტემას შევქმნით, რომელიც გაუმკლავდება ელიტურ კორუფციას, ცხადია, რომ ეს კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს," - აცხადებს ეკა გიგაური.

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ეკა გიგაური ტყუილში დაადანაშაულა. პარლამენტის ფრაქციის "ქართული ოცნების" წევრის თქმით, 2012 წელს საქართველო, საერთაშორისო კვლევის მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით 180 ქვეყანას შორის 63-ე ადგილს იკავებდა, 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი მას 45-ე ადგილი უჭირავს.

"გიგაურს ჰქონდა მცდელობა, რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა და მან თქვა ასეთი წინადადება, რომ - ადრე კორუფციის მიმართულებით ეფექტურად მოქმედებდა ხელისუფლება და ახლა გაუარესდაო...  ქალბატონმა გიგაურმა იცის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია "თრანსფერენსი ინთერნეშენალმა" - 2021-ში გამოაქვეყნა რეიტინგი სახელმწიფოების, სადაც საქართველო არის მოწინავე კორუფციასთან ბრძოლაში, მათ შორის უსწრებს როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, დავუმატო კიდევ?! 45-ე ადგილას არის 180 სახელმწიფოს შორის და თქვენ რაც ბრძანეთ, მე ვიცი, რომ თქვენ იქ გაქვთ ეს ინფორმაცია, უბრალოდ ახლა მოიტყუეთ აქ, ან შემდეგში მომზადებული მოდით. 2012-ში რომელ ადგილას იყო იგივე ამ კვლევით შეგიძლიათ მითხრათ? ციფრი მითხარით," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

აზრთა სხვადასხვაობას კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა, "ქართული ოცნების" წევრმა ეკა გიგაურს მოუწოდა შემდეგში უფრო მომზადებული მოვიდეს.

"ნუ მიშლით ხელს, მე ჩემს პოზიციას ვამბობ. არ უნდა მოიტყუოთ, მაშინ გამოდით და თქვით, რომ 2012 წელს ამ ორგანიზაციის მიერ საქართველო რომელ ადგილას იყო? 63-ე ადგილას იყო, მაგრამ ახლა რომელ ადგილზეა? დღეს 45-ეზე," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები