27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას" - ევროდეპუტატების განცხადებით, ტრიოს ქვეყნების თანადგომა კრემლისთვის მკაფიო გზავნილი იქნება

უფრო მკაცრი სანქციების დაწესების და რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს მოთხოვნის პარალელურად, ევროდეპუტატები ამბობენ, რომ აუცილებელია ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერა.

ევროპელი კანონმდებლების აზრით, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არამხოლოდ ამ ქვეყნების მხარდაჭერა, არამედ მკაფიო გზავნილი კრემლისთვის.

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს ენერგომატარებლების ემბარგოს. საჭიროა სანქციების სწრაფი იმპლემენტაცია, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ომის გაგრძელება. უკრაინას სჭირდება ლეტალური იარაღი, რათა დაიცვან თავი. ევროპარლამენტი ამ ყველაფერში ერთიანია. ცოტა ხნის წინ, დავბრუნდი საქართველოდან, სადაც გვქონდა არაერთი შეხვედრა. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას. ეს არის ომი ჩვენი ფასეულობებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ქვეყანაზეა დამოკიდებული მისი წარმატება  - როგორ შეავსებთ კითხვარს, როგორ იქნება გატარებული რეფორმები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს კანდიდატობის სტატუსს თქვენი ქვეყნებისთვის. საბოლოო გადაწვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. ჩვენი ვიზიტი თბილისში იმისი დემონსტრირება იყო რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან იოზას ოლეკასმა "კურიერთან" საუბრისას.

ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან ანდჟეი ჰალიცკი ასევე "კურიერთან" საუბრისას იმედოვნებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით კომისიას ექნება საშუალება სწრაფად მოახდინოს ფორმალური პროცესის იმპლემენტაცია. მისი თქმით, იმავე უნდა გააკეთონ აღნიშნული ქვეყნების მთავრობებმაც. ევროპარლამენტარს იმედი აქვს, რომ მომავალი სამიტი მწვანე შუქს აუნთებს პოლიტიკური მონაწილეობის პროცედურას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომისიის წევრებმა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს მოუსმინეს. განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა და ის, თუ როგორ სრულდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ხუთი პაკეტი.

 

დღის ამბები