მოსკოვმა მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრის განადგურების ბრძანება დღეს დილით კიდევ ერთხელ გასცა, თუმცა ბატალიონი "აზოვი" და 36-ე საზღვაო ბრიგადა პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.
ქარხანას, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ათასამდე ბავშვი, ქალი და მოხუცია, ავიაციის გარდა ბოლო 24 საათია ესვრიან ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან.
დროის ათვლა დაწყებულია, არავინ იცის რამდენ ხანს გაუძლებს კიდევ "აზოვსტალის" გვირაბები მრავალტონიან ბომბებს და განუწყვეტელ იერიშს.
მეტალურგიულ კომბინატზე მორიგი შტურმი რუსებმა, გამოცხადებული "სიჩუმის საათებშიც" კი განახორციელეს. ტერიტორია იბომბება უძლიერესი, ე.წ. ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით, რომელსაც ბეტონის კედლების გარღვევა შეუძლიათ. კედლების მიღმა კი, "სამას სპარტანელად" წოდებული სამხედროების გარდა, ათეულობით ბავშვია.
სამტონიანი ბომბების ჩამოგდება ცოტა ხნის დაადასტურა "აზოვის" ერთ ერთმა მეთაურმაც, რომელიც აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.