ინტენსიური შეტაკებებისა და ავიაიერიშების შემდეგ ლისიჩანსკში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და დაინგრა. ქალაქი მესამე დღეა, შეუჩერებელად იბომბება. ადგილობრივები ჰუმანიტარულ დერეფნების გახსნასა და შველას ითხოვენ.
ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მობილიზება და ომის მეორე ფაზა დაიწყო იმისთვის, რომ უკრაინის ე.წ. სამხრეთის დერეფანი ხელში ჩაიგდოს. კრემლმა ღამით შეტევა ქალაქებზე კიდევ უფრო გააძლიერა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები დონეცკის და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ, მიზანი ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გახსნაა.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამი მიმართულებით - ლუჰანსკში, დონეცკსა და ხარკივში ცდილობდნენ. ქალაქები ყველა მხრიდან იბომბებოდა. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, მძიმე შეიარაღების გარდა, საოკუპაციო ძალებმა ხარკივის ოლქში საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა. იზიუმში, ქიმიური ელემენტების მქონე ჭურვების ჩამოვარდნის შემდეგ, უკრაინელი ჯარისკაცები მოიწამლნენ. მტრის ალყაში მოქცეულ ქალაქებში ცხედრებსა და დაჭრილებს ითვლიან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იყო პირველი, ვინც უკრაინელებს უთხრა, რომ რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო და რომ ფართომასშტაბიანი შეტაკება ახალ ფაზაში გადავიდა, თუმცა დაამშვიდა კიდეც, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაფერი საიმედოდ აქვთ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი კი ვარაუდობს, რომ
ბომბების ქვეშ ცხოვრება ადამიანებს, შესაძლოა, კიდევ ერთი თვე მოუწიოთ.
უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა ომის მეორე ფაზის დაწყების წინ მორიგი ვიდეომიმართვით გაამხნევა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მძიმე იქნება, თუმცა დანებებას არ აპირებენ.
ვლადიმერ პუტინისთვის კი მიზანი ამართლებს საშუალებას. რუსეთის პირველი დიპლომატი კვლავ ამტკიცებს, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებენ და მათი ჭურვები მშვიდობიან მოქალაქეებს არ კლავს. ლავროვის თქმით, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ჯერ არ ფიქრობს.
რა იქნება მშვიდობის ფასი უკრაინაში, ეს ჯერ არავინ იცის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას უკვე მიმართა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 25 მაისამდე გაახანგრძლივონ.