რუსეთის "კომუნისტური პარტია" რუსეთის სამფეროვანი დროშის შეცვლას და სსრკ-ს დროინდელი წითელი დროშის დაბრუნებას ითხოვს. მათი თქმით, ამით უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის პრინციპი.
შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა სახელმწიფო სათათბიროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამ კანონის მიღება "ამოავსებს არსებულ ისტორიულ ხარვეზს და კანონმდებლობის ორაზროვანი ინტერპრეტაციის მცდელობებს, ასევე ხელს შეუწყობს მოქალაქეების პატრიოტულ აღზრდას" და "სამშობლოს დამცველი წინაპრების პატივისა და ხსოვნის შენარჩუნებას".
საბჭოთა დროშის შესახებ საუბარი გააქტიურებულია კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს საბჭოთა სიმბოლოების, მათ შორის სსრკ-ს დროშის გამოყენების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.
"ჩვენს ქვეყანაში, ყველა თაობისთვის, გამონაკლისის გარეშე, გამარჯვების დროშა წმინდაა. ასეა მრავალი თაობისთვის, ბევრ ქვეყანაში. ეს არის სალოცავი, რომელის განსაკუთრებულ აზრს ატარებს, ფაქტობრივად საკრალურ მნიშვნელობას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს გამოიყენება," - განაცხადა კრემლის სპიკერმა.