ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ბიბილეიშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმეზე არსებითი განხილვა 3 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასჯელის მაქსიმუმი მიესაჯათ - აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად 7 თვიანი ძიებისა, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. თუმცა ის, რომ 22 წლის ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობა შეკვეთილი იყო, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფაქტებით დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, მკვლელები ნიკო კვარაცხელიას რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტებს სწავლობდნენ. ამ დროისთვის, სასტიკი მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად ძიება საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელდება.
ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში, გასული წლის 15 სექტემბერს აკო ჭელიძემ 10 ტყვიის გასროლით მოკლა. ის დანაშაულის ადგილზე, მეგობარმა კავილაძემ ნაქირავები ავტომობილით მიიყვანა.