27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
თუ არჩევნები უნდათ საკუთარ პარტიაში და ოჯახებში ჩაატარონ, იქაც ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები - ღუდუშაური ენმ-ის გეგმაზე

"ნაციონალური მოძრაობის" იდეას მმართველ გუნდში კრახისთვის განწირულს უწოდებენ - "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს სიახლეები, რომელიც ახლა ენმ-ის ლიდერების მხრიდან გაჟღერდა არის ნაკარნახევი ბაკურიანში გამართული შეხვედრის, სადაც ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი ოპოზიცის წევრებთან ერთად მსჯელობდა ხავერდოვანი რევოლუციის საკითხებზე.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებული გამოწვევის ფონზე მსგავსი ნაბიჯების ინიცირება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.  

"არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა და როცა ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის 2024 წელი. თუ რაიმე არჩევნები უნდათ საკუთარ პარტიაში, საკუთარ ოჯახებში ჩაატარონ შეუძლიათ და იქაც ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები.

როგორც ჩანს მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ყოველი დღე აახლოებთ მათ პოლიტიკურ დასასრულთან, აქედან გამომდინარე თავიანთ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს უკიჟინებენ, რომ ამ შემოგდებული თემით რაღაც სასწაულს მოახდენენ. თქვენ ხედავთ არამც თუ მილევად რეჟიმში არიან, ერთმანეთშიც კი ვერ გარკვეულან ეს ხალხი,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ომის პარტიის" დესტრუქციული მცდელობები ჩანასახშივე განწირულია.

"მიედ-მოედებიან შეიძლება ამ სიტყვით კარგად შევაფასოთ ის რაც რეალურად ახლა ხდება მსოფლმხედველობაში, რომელიც აქვს ოპოზიციას, ვგულისხმობ მის რადიკალურ ფრთას, რომელსაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" - იგივე "ომის პარტია". დღეს სახელმწიფო არის საიმისოდ ძლიერი, რომ ასეთი ტიპის უცნაური და დესტრუქციული ქმედებებისთვის არავითარი სივრცე არ იყოს დატოვებული.

ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღემდე აქვს ნოსტალგიური შეგრძნებები იმ შანსებთან დაკავშირებით, რომ გადააყირაონ სადმე ხელისუფლება რეალურად ეს არის განწირული მცდელობები ოპოზიციის მხრიდან,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

შეგახსნებთ, პოლიტტექნოლოგისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის სახელს უკავშირდერბა ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

 

დღის ამბები