27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ომის 54-ე დღე და უახლესი ცნობები უკრაინიდან - ბოლო 24 საათში რუსეთმა ქვეყანაში სარაკეტო იერიშები თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელა  

უკრაინაში ბოლო 24 საათში რუსეთმა სარაკეტო იერიშები თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელა. ლუჰანსკის ოლქში ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს ყველას სასწრაფოდ დატოვონ სახლები, რადგან საფრთხე სერიოზულია. იწყება გადამწყვეტი ბრძოლა დონბასისთვის. 

ხელისუფლება ასევე მოუწოდებს ხარკოვის მოსახლეობას არ დატოვონ თავშესაფრები. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსეთი განსაკუთრებულად უსწორდება. პირველი მსხვერპლია პოლონეთის საზღვართან მდებარე ლვოვში.  რაკეტები რკინიგზის სადგურთან აფეთქდა, დაჭრილია 11 ადამიანი, 7 კი დაიღუპა. დაჭრილებს შორის არიან ბავშვები. რაკეტები მოხვდა სადგურთან მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც. ლვოვში განგაშის ხმა დღეს 45 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ისმოდა.

ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. ეს ლვოვში განხორციელებული შეტევის მეხუთე შემთხვევაა. 

ლვოვში აფეთქების თვითმხილველია "კურიერის" გადამღები ჯგუფიც. ოკუპანტების შეტევა სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც პრესა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად რკინიგზის სადგურს ტოვებდა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში თავდასხმა არტილერიიდან და ნაღმ-მტყორცნებიდან, "კულტურის", "შევჩენკოსა“ და "დარვინის" ქუჩებზე განხორციელდა.

თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 15. მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 106 დაიჭრა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება უფრო მწვავდება. ოკუპანტებმა აიღეს ლუჰანსკის ოლქის ქალაქი კრემენნაია, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტომობილში ჩაცხრილეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობდა.

ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქში 9 დასახლება დაიბომბა, დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 9. ქალაქ სევერო-დონეცკის სასაფლაოზე 400 ახალი სამარხი გაჩნდა. ამავე ოლქის ქალაქ სლავიანკაში დაბომბილია საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები. დღეს, ტელეგრამ არხზე უკრაინის დაზვერვამ უკრაინელი ტყვეების კადრებიც გაავრცელა, სადაც მათი ინფორმაციით, მშვიდობიანი, სამოქალაქო პირებიც არიან დაკავებული. ოკუპანტებმა გაიტაცეს, ზაპოროჟიადან დღეს, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის 16 წლის შვილი.

დღეს ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში დაბრუნებულთა რიცხვმა, ქვეყნიდან ლტოლვილთა მონაცემებს გადააჭარბა. კიევში განახლდა მეტროს მუშაობა. საგზაო დეპარტამენტმა კი გზებისა და ხიდების აღდგენა დაიწყო.

დღის ამბები