27 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
სპეცოპერაცია, რომლის დეტალებიც დღეს "კურიერმა" გაარკვია - 176 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან მცურავ გემზე აღმოაჩინა

სპეცოპერაცია, რომლის დეტალებიც დღეს "კურიერმა" გაარკვია - საქმე ეხება 176 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინს, რომელიც ესპანეთის სანაპირო დაცვამ, კანარის კუნძულებთან მცურავ თევზსაჭერ გემზე აღმოაჩინა. არ ვრცელდება ინფორმაცია: რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა გემი, რომლის საწვავის ავზიც სავსე იყო ნარკოტიკული საშუალებებით.

ესპანეთის საზღვაო დაზვერვის ინფორმაციით კი, თევზსაჭერი სეინერი კოკაინით, სავარაუდოდ, კოლუმბიაში დაიტვირთა და ის ევროპის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. გემი ნარკოტრანზიტის ე.წ. აფრიკული გზით მოძრაობდა. ვინაიდან ნარკოტრაფიკში საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, გამოძიება, სავარაუდოდ, არკვევს, იყვნენ თუ არა ჩართული სხვა ქართველები მასშტაბური ნარკოტრაფიკის საქმეში.

კანარის კუნძულებთან დაკავებულ 5 მეზღვაურს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, ოთხი კი თურქეთის.

აღნიშნულ ეკიპაჟს ტექნიკური გაუმართაობის გამო კანარის კუნძულებზე ერთ-ერთ პორტში მოუწიათ გაჩერება. საზღვაო დაზვერვის ოპერატიული ინფორმაციით, გემზე დიდი ოდენობით კოლუმბიური ნარკოტიკი ინახებოდა, რის შემდეგაც სამოქალაქო გვარდიამ, ეროვნულმა პოლიციამ და საბაჟო სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა.

მასშტაბურ ნარკოტრაფიკში მხილებულ პირთა გვარები ჯერ არ ხმაურდება, უცნობია ბრალდებული საქართველოს მოქალაქის ვინაობაც, თუმცა დაკავებულთა კადრები უკვე მოხვდა ესპანური მედიის ეთერში. კადრებში ჩანან გემბანზე ხელბორკილებით მყოფი ეკიპაჟის წევრები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანარის კუნძულებზე ნარკოტრაფიკის ქსელის გამოსავლენად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. საზღვაო დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე ბოლო თვეებში ათობით ტონა ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

კანარის კუნძულებზე მასშტაბურ ნარკოტრაფიკში ჩართულ ქართველ მამაკაცზე კომენტარი არ კეთდება საქართველოს შესაბამის უწყებებში. ამ ეტაპზე, უცნობია, თანამშრომლობს თუ არა ქართული მხარე ესპანელ სამართალდამცველებთან.

დღის ამბები