27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ლვოვში დაჭრილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა - სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ხარკოვში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოსნოვიანსკის რაიონს, დაღუპულია ორი ადამიანი. ჭურვები ჩამოვარდა საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე სათამაშო მოედნების ტერიტორიაზე, შედეგად დაიღუპა მამაკაცი და ქალი. ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

ტვიტერზე განცხადება და კადრები გაავრცელა აზოვის ბატალიონმა. მარიუპოლის მცველები აცხადებენ,რომ დანებებას არ აპირებენ და საპორტო ქალაქის ოკუპანტებისგან დაცვა გრძელდება.

პარალელურად, ლვოვში სარაკეტო იერიშების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებს შორის არის სამი წლის ბავშვი, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია. ას ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, ხარკოვი დილით დატოვეს და თავშესაფრისთვის ლვოვში გადავიდნენ. 

ბრიფინგი გამართა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა - სამხედრო უწყებაში ითქვა, რომ რუსებმა აღმოსავლეთ ზონაში ჯარების გადაჯგუფება დაასრულეს. ქვეყნის ამ ნაწილში მძიმე ბრძოლას ელიან, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ვნახეთ, რომ მტერი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს და ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა სლობოჟანსკესა და დონეცკის საოპერაციო ზონებში. სამხრეთ ნაწილში მტერი ცდილობს უკვე დაკავებული პოზიციების გაძლიერებასა და ალექსანდროვკაზე სრული კონტროლის აღებას.

აგრესორი თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს და ცდილობს მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას.

გრძელდება საჰაერო თავდასხმები მარიუპოლში, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენის, ტუ22-ის გამოყენებით. ამ დროისთვის აღმოსავლეთ სამოქმედო ზონაში შეტევითი მოქმედებისთვის მტრის ჯარების გადაჯგუფება პრაქტიკულად დასრულებულია,” – განაცხადა ალექსანდრე მოტუზიანიკიმ.

დღის ამბები