27 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
რა საფრთხეებია მოსალოდნელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე - პარლამენტში დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმინეს

რა საფრთხეებია მოსალოდნელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმინეს. საუბრის მთავარი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.

"ამ სხდომაზე წარვადგინეთ ინფორმაცია რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს მიმდინარე პროცესებს რეგიონში და დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია ქართული ჯარის მზადყოფნასა და იმ გეგმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის. თავდაცვის ძალებს აქვს განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით,"- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

დახურულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდა. მათი ნაწილი შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვიდა - თქვეს, რომ მეტი დეტალი აინტერესებდათ.

"წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვერსია მოვლენების განვითარების და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესში. ეს იყო ვერსია, როდესაც რუსეთი წარმატებულია, როდესაც მოლაპარაკებები ხდება და როდესაც შეფერხდება სამხედრო აგრესია გარკვეული ხნით და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ პუტინი რომ დამარცხდეს, მაშინ რას ვშვრებით, ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. პასუხი, დაახლოებით, ასეთი იყო რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში ამის მოლოდინი ნაკლებად არსებობს,"-აცხადებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობის თემასაც.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

"საუბარი იყო, პირველ ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, დღეს არსებულ ვითარებაზე კონფლიქტის ზონაში, ომის გავლენაზე როგორც რეგიონზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ასევე, ომის შესაძლო გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე,"-აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები